ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული 21 კმ-იანი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. 33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გომისმთის რეაბილიტირებული გზის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი.
„ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ, განახლებული გზა უკვე სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან“,- აღნიშნა ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.