საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების მკვლელობასთან დაკაშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„შეძრწუნებული ვარ „ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრებიც ღაზაში იპოვეს. ეს ახალგაზრდა, უდანაშაულო კაცები და ქალები დიდი ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყვნენ უსაფრთხოდ თავიანთ ოჯახებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მძევალს. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, რათა დასრულდეს ეს ტრაგედია და ყველა მძევალი დაბრუნდეს სახლში“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული „ჰამასის“ პოზიციის გამო.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. მათ შორისაა, ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ექვსივე მძევალი „ჰამასმა“, ცხედრების პოვნამდე, სავარაუდოდ, ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა.