წელს მევენახეები მიიღებენ რეკორდულ, 350 მილიონ ლარამდე შემოსავალს - ღვინის ეროვნული სააგენტო

31 აგვისტო 2024, 16:42 78 ნახვა

ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 2024 წელს რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს. წლევანდელი მოსავალი ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხით. შესაბამისად, მიმდინარე წელს მევენახეები მიიღებენ რეკორდულ, 350 მილიონ ლარამდე შემოსავალს.

ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, 2013-2023 წლებში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით შემოსავლების სახით 2,5 მილიარდამდე ლარი მიიღეს. 2013 წლის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერამ და განხორციელებულმა სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გააძლიერა – გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, შეიქმნა ვენახების კადასტრი, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი, მუშაობს აგროკრედიტის გამართული სისტემა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ყურძნის მოსავლის ზრდის ტემპები. მაგალითისთვის, 2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა ყურძენი და მევენხეების შემოსავალი 50 მლნ აღწევდა. 2012 წელს რთველში რეგისტრირებული იყო ღვინის მწარმოებელი 40-მდე კომპანია, 2023 წელს – 544.

 

ქვეყანაში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული კომპანიების, საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს; აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტს ახორციელებს.

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2023 წელს – მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით 262%-ით არის გაზრდილი, როდესაც ექსპორტირებული იყო მხოლოდ 71,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც.

 

2013-2024 წლებში ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან 100 მლნ-მდე ლარია დახარჯული, რამაც ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას მსოფლიო მასშტაბით და რამაც კონკრეტული შედეგები მოიტანა.

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც 2013 წლის შემდეგ ყველა რთველი, მიმდინარე წელსაც ყურძნის მოსავლის დაბინავება ჩაივლის ორგანიზებულად და ყველა მევენახე-ფერმერი შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, რასაც კოორდინაციას რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს. რაც შეეხება გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილებას ყურძნის ფასთან დაკავშირებით, ფასს არეგულირებს ბაზარი. აღნიშნული საკითხი მევენახე-ფერმერებისა და კერძო სექტორის შეთანხმების საგანია.

 

2024 წლის რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 215 ღვინის საწარმო, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში