ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელი დათანხმდა შეზღუდულ „ჰუმანიტარულ პაუზებს“, რათა ღაზის სექტორში 640 000 ბავშვს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, რიკ პეეპერკორნის განცხადებით, „ჰუმანიტარული პაუზები“ ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებები შეწყდება ყოველ დღე, დილის ექვსი საათიდან სამ საათამდე.
ვაქცინაციის კამპანია ცენტრალური ღაზიდან დაიწყება, შემდეგ ღაზის სამხრეთით გადაინაცვლებს და ბოლოს იქნება ჩრდილოეთ ნაწილში. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ ზონაში შესაძლებელი იქნება პაუზის მეოთხე დღით გაგრძელება.