საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
„სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობა და არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, აღნიშნული მოთხოვნების დაწესებით შესაძლოა, გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი შეიქმნას ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეაფერხოს მათი შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.