სახალხო დამცველი „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

22 აგვისტო 2024, 15:35 339 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი  შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა თუ მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაფიცულებმა შეხვედრისას სამუშაო ადგილზე არსებული შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ, არაჰიგიენურ პირობებზე და ხელმძღვანელ პირთა მხრიდან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე ისაუბრეს.

"ლევან იოსელიანმა 2024 წლის 8 ივლისს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ სავარაუდო დისკრიმინაციის წახალისების თაობაზე საქმის შესწავლა. საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა მიმართა როგორც შრომის მთავარ ინსპექტორს, ისე შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის შესწავლას და საბოლოო გადაწყვეტილებას მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ მიიღებს.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მხარეებს შორის არსებული კოლექტიური შრომითი დავის თითოეული საკითხი, ფაქტობრივად, სრულად შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, ასევე შრომითი ნორმების ეფექტიან გამოყენებას მიემართება. ამდენად, კერძო სექტორზე ზედამხედველობის შეზღუდული მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, მედიაციის პროცესს უხელმძღვანელოს.

ლევან იოსელიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“, შრომის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გაფიცულ დასაქმებულებთან თანამშრომლობა და უზრუნველყოს შემათანხმებელი პროცედურების დროული და ეფექტიანად წარმართვა.

სახალხო დამცველმა გაფიცულ დასაქმებულებს მხარდაჭერა აღუთქვა და დაჰპირდა, რომ მათგან მიღებულ ინფორმაციას სრულად მიაწვდის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში