საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-ივლისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 33%-იანი ზრდა აჩვენეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით მეტია 2023 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 80%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-ივლისში 3 061 750 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ივლისში 2 263 872 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-ივლისში 3 180 226 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-ივლისში კი 4 066 142 მგზავრს. 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 643 874 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-ივლისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.
2023 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 969 343 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 515 931 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-ივლისში კი 2 254 691 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის 7 თვის 2019 წლის 7 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 17%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 74%-იანი ზრდა. 2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით მგზავრთნაკადის 39%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
2024 წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 482 023 მგზავრი გაატარა, რაც 43%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 7 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 336 250 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-ივლისში 313 032 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისში კი 347 765 მგზავრს მოემსახურა.