კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებისთვის წინასაარჩევნო გაშუქებისას კანონის დაცვის მიზნით გზამკვლევი გამოაქვეყნა

16 აგვისტო 2024, 12:52 344 ნახვა
 

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოაქვეყნა - ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზამკვლევის მიზანია, მაუწყებლებისთვის მკაფიო და განჭვრეტადი გახადოს ის საკითხები, რომლებიც არჩევნების გაშუქებისას საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს.

"გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიის როგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში, კომისიის მიდგომები.

გზამკვლევში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით. დოკუმენტში ასევე მოცემულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საარჩევნო კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისია იმედოვნებს, რომ გზამკვლევი მაუწყებლებს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი