26 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის - პრემიერი

24 ივლისი 2024, 11:08 420 ნახვა
 
 

გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მიიღოს.

"ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ ერთი - უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე - საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

 

იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთ მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები მშვიდობიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს. დღემდე საარჩევნო პროცესი არსებითად მშვიდ ვითარებაში წარიმართება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ფართოდ დააკვირდებიან, რომლებსაც შესაბამისი მიწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკვე გაეგზავნათ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნები პირველად ჩატარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები, რაც არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება. პრემიერის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი - ეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს.

„26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებითა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი“, - აღნიშნავს პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი