The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ კერძებს გაეცნენ

22 ივლისი 2024, 13:45 326 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen ჩატარდა.

„ორი დღის განმავლობაში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, ქართულ კერძებსა და ღვინოს გაეცნენ. ღონისძიებას ორივე დღის განმავლობაში დაახლოებით 15000-მდე ადამიანი სტუმრობდა. ქართული სტენდი იმდენად კარგ ლოკაციაზე იყო, აუცილებლად პირველ რიგში საქართველოს სტენდთან მოხვდებოდი და აღფრთოვანების გარეშე ვერ დატოვებდი“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ქვეყანაა და The National Geographic -თან ბრიტანულ ბაზარზე თანამშრომლობა გაგრძელდება.

„მრავალი წელია The National Geographic-თან ერთად მარკეტინგული კამპანიები გვაქვს, თუმცა გასტრონომიული მიმართულებით წელს პირველად ვცადეთ ასეთი კონცენტრირებული კამპანია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული იქნება, რადგან The National Geographic მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმაა. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს პოპულარიზაციას როგორც დანიშნულების ადგილის, სადაც შეიძლება განსაკუთრებული, განსხვავებული და ავთენტური თავგადასავალი მიიღო“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ფესტივალის მონაწილეებს ცნობილმა შეფებმა გურამ ბაღდოშვილმა და თეკუნა გაჩეჩილაძემ ქართული ტრადიციული და თანამედროვე კერძები გააცნეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.

„პავილიონში ბევრი სხვადასხვა საინტერესო ქვეყნები თუ ობიექტები იყო წარდგენილი, ინტერესიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინგლისში მასპინძლები ვიყავით ჩვენ ქართველები, ასე გამოდის ფაქტებიდან გამომდინარე. ჩვენი პროდუქტების ნაზავი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს და ახლო მომავალში დაპირებული ფრენები ლონდონი-თბილისი დაინიშნება. მაგრამ ვისაც უნდა ნამდვილად იმოგზაუროს და გაეცნოს ავთენტურ ქვეყნებს, საქართველო სთავაზობს ამას ყველა ტურისტს“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

„მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხი ენთუზიაზმით გვისმენდა, სინჯავდა კერძებს. ყველაზე ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან. სიმხიარულე, ფანტასტიკური ღვინო და კერძები, ნამდვილი დღესასწაული იყო. ასეთი ფესტივალები აუცილებელია საქართველოს პოპულარიზაციისთვის“, -განაცხადა თეკუნა გაჩეჩილაძემ.

The National Geographic Traveller Food Festival-ზე 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს ათასობით სტუმარი ჰყავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი