ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ახალ ბულვარში საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკეიტ პარკი მოეწყო, ასევე ბათუმის ბულვარში ქვიშის ფეხბურთისთვის 1 300 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი სტადიონი განთავსდა. მოედანი უკვე პირველ საერთაშორისო დონის ჩემპიონატს მასპინძლობს.
ამასთან, ბულვარის ტერიტორიაზე პრომენადის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა, ხოლო ახალი ბულვარის მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა, რომელიც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი და ბულვარის დირექტორი გაეცნენ.