საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის შპს “მედ სტატუსი“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის - აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას.
„კერძოდ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით, ისე რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და ასევე თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლის ნებაზე არასათანადოდ ზემოქმედებდა და, 1 თვის ვადაში, დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, არასათანადო ზემოქმედებად განიხილება ყველა ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებასთან ან მუქარასთან, თუმცა, ზღუდავს მომხმარებლის უნარს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს.
2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა. 84 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი, ხოლო 77 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 შეთანხმება გაფორმდა. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.