კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის დღეები ინეგოლში დასასრულს უახლოვდება. ფესტივალის მეორე დღეს კონცერტი გამართეს ბაიარ შაჰინის შვილებმა.
ამფითეატრის სცენა “ სამიდა “ -ს დაეთმო. გოგონების გამოჩენას ეთნიკური ქართველების განსაკუთრებული ემოცია მოჰყვა. მათ შეასრულეს როგორც ქართული ასევე ლაზური სიმღერები.
არაერთხელ ახსენეს მამა, ბაიარ შაჰინი გუნდარიძე, რომელმაც ათობით წლის წინ დაიწყო ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია. მამასთან ერთად ქართულ სიმღერებს ახლა უკვე მისი ქალიშვილებიც ასრულებენ და არანაკლებ პოპულარულები არიან. „სამიდა“ კონცერტს დღეს უკვე ორდუში გამართავს, სადაც ასევე ეთნიკური ქართველების ფესტივალი იგეგმება.
რაც შეეხება ინეგოლს, ფესტივალის დასკვნითი საღამო დღეს ამჯერად კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ცენტრში გაიმართება. ღონისძიება დაგეგმილია ასევე ორჰანგაზის რაიონში, მარმარის რეგიონის ქართულ სოფელში.
ტრადიციულად, ინეგოლის ფესტივალი დაარსების დღიდან დასკვნით საღამოს რომელიმე ქართულ სოფელში აწყობს. ბოლო რამდენიმე წელი ეს ტრადიცია დაირღვა, თუმცა ორგანიზატორებმა მისი ხელახლა აღდგენა გადაწყვიტეს.