მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 6 თვეში 407 განაცხადი დაფიქსირდა - კონკურენციის სააგენტო

03 ივლისი 2024, 12:10 1045 ნახვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, მათი გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 84 საქმეზე.

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს – 28 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 19, 912 ლარი.

"მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 77 საქმეზე – 67 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და სხვა რეგიონები.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე ფიქსირდება 132, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 124, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 70, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 21, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 19, ხოლო სხვა დანარჩენი 41.

საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.

მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20“, – აცხადებენ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი