საქართველო საქმიანი ტურიზმის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმს M&I Tbilisi – 2024-ს მასპინძლობს. ღონისძიებაში ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, 3 დღის განმავლობაში პირისპირ 40-მდე შეხვედრას პოტენციურ დამკვეთებთან გამართავს.
ღონისძიებაზე ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება მსოფლიოს გავლენიანი ტუროპერატორების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფორუმის ჩატარების ადგილად დიდი კონკურენციის შედეგად შეირჩა. ამ პროცესში ევროპის ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა.
ფორუმის ორგანიზატორების მხრიდან განხორციელებული ინსპექტირებების შედეგად, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ისეთ პარამეტრებში, როგორებიცაა ტურისტული პროდუქტი, პოტენციალი, ინფრასტრუქტურა, საავიაციო კავშირი, ძლიერი კერძო სექტორი, ქვეყნის უსაფრთხოება, რეპუტაცია, ცნობადობა.