მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვნახეთ და პირადადაც გადავუხადეთ მადლობა, ამ დროის განმავლობაში ზღაპარი გვაჩუქეს მთლიანად ხალხს, ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის განცდა მიანიჭეს თითოეულ ჩვენგანს, კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს ამ ყველაფერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიოლნში, საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისტორია დაიწერა, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
„პოზიტიური ემოციებით ვარ დამუხტული თავიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ყველამ იცის, რომ ესპანეთი არის ევროპის თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. აქედან გამომდინარე, ეს თამაში იყო რთული, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით მათ. ეს არის ისტორია პირველ რიგში, ისტორია დაიწერა. პირველად 30 წლის თავზე, ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჩემპიონატზე მოხვდა ევროპის 16 საუკეთსო გუნდს შორის, გავიდა ქვეჯგუფიდან. ეს არის ისტორია და ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ფეხბურთმა გადადგა ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ხშირად საუბრობენ ხოლმე კლასის მომატებაზე. კლასის მომატება შეუძლებელია ასეთი ტურნირების გარეშე. ამ ტურნირში მონაწილეობა და პირველი წარმატება ნიშნავს იმას, რომ კლასის თვალსაზრისით დღეს ვართ უფრო წინ, ვიდრე ვიყავით გუშინ. აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით ისტორიული იყო ეს ჩემპიონატი, რომელშიც ბიჭებმა ასე ღირსეულად მიიღეს მონაწილეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.