მსოფლიო პრესის გამოხმაურება

27 ივნისი 2024, 11:09 555 ნახვა

შოკისმომგვრელი, გამაოგნებელი, დაუჯერებელი, გასაოცარი, სენსაციური, ისტორიული - ეპითეტები, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი და გავლენიანი გამოცემები  აღწერენ საქართველო-პორტუგალიის მატჩის საბოლოო შედეგს. კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლების გამო შედეგი და რეაქცია შოკისმომგვრელია - წერს ბრიტანული ინდეპენდენტი. საქართველომ ევრო 2024-ზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შედეგი დააფიქსირა, როდესაც პორტუგალია 2-0 დაამარცხა. აღმოსავლეთ ევროპელმა ერმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ბრიტანული  გარდიანი  იქს-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტს  აზიარებს. 2013 წელს რონალდუმ საქართველოში საფეხბურთო აკადემია გახსნა და იქ გადაღებულ ფოტოზე ერთ-ერთი ბავშვი ხვიჩა კვარაცხელია იყო. დღეს საღამოს კვარაცხელიამ პორტუგალიასთან პირველ წუთზევე გოლი გაიტანა და ახლა 2-0 ლიდერობს, დაუჯერებელია. 

სი-ენ-ენი საქართველოს პორტუგალიასთან დადებულ შედეგს სენსაციურს უწოდებს. საქართველომ დაამარცხა პორტუგალია და პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირზე ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა - წერს გამოცემა.

ნაპოლის ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიის დაცვაში დაშვებული საშინელი შეცდომის შემდეგ საქართველოს პირველი გოლი მატჩის დაწყებიდან  ორ წუთზე ნაკლებ დროში მოუტანა. გელზენკირხენში, არენა აუფშალკეს შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. როცა მსაჯმა სასტვენს ჩაჰბერა და შეხვედრა დაასრულა, ქართველმა  ფეხბურთელებმა გულშემატკივრების წინაშე ისე იზეიმეს, თითქოს მთელი ჩემპიონატი მოიგეს.

მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში - წერს სი-ენ-ენი. 

არ იქნება ბევრი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია  დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გადასვლის ბედის გადაწყვეტა, როგორც ჯორჯ მიქაუტაძეს. მისი  პენალტი ამ საღამოს  მისი მესამე გოლი იყო ევრო 2024-ზე. მიქაუტაძე რვა ფეხბურთელის  ექსკლუზიურ სიაში მოხვდა. ის  ევრო 2024-ის ერთადერთი მოთამაშეა, ვინც სამი გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე,  ერთზე მეტი გოლი მხოლოდ ექვსმა მოთამაშემ გაიტანა. მიქაუტაძე ოქროს ბუცისთვის რბოლას სათავეში ჩაუდგა  - ნიუ-იორკ-თაიმსი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში