საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით თბილისში მეორე ტესტ მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებთან და 45:17 გაიმარჯვა. ამ გუნდების პირველი მატჩი 7 ივნისს გაიმართა და ის შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 31:7 დასრულდა.
ქართველმა მორაგბეებმა ინგლისელებს ხუთი ლელო დაუდეს, ბურთიკაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო-თითო ლელო კი სპანდერაშვილმა, ხელაძემ და ქევხიშვილმა მიითვალეს. ცირეკიძემ ხუთიდან ოთხი ლელო გარდასახა და ოთხჯერ ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის გათამაშება 20-წლამდელთა შორის სამხრეთ აფრიკაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ქართველი მორაგბეები პირველ თამაშს 29 ივნისს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ, 4 ივლისს შარშანდელ ფინალისტს, ირლანდიას ეთამაშებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 9 ივლისს, იტალიასთან მატჩით დაასრულებენ.