ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შესახებ ინფორმაცია, ცხადია, აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად აუცილებლად გამოიყენებდა, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ლილუაშვილმა ისაუბრა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებითაც, რომელიც მისი შეფასებით, რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების მიზნით.
„ჩვენი შეფასებით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფაქტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში განვიხილავთ რუსეთის და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებას ოკუპირებული ქალაქ სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, რომლის მართვის უფლება დიდწილად რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება. აღნიშნული კი რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანამდევი პროცესები წარმოადგენდა.
„რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ისევე როგორც გასულ წელს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, კვლავ აქტიურად გრძელდებოდა უკანონო სამხედრო აქტივობები, მათ შორის, უკანონო სამხედრო წვრთნები და პირადი შემადგენლობის როტაცია.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობის ნაწილი ჩართული იყო რუსეთ-უკრაინის ომში, საბრძოლო მოქმედებებში საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. დაფიქსირდა უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენისას.
მისივე თქმით, 2023 წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ აქტიურად გრძელდებოდა ანექსიისკენ მიმართული პროცესები, რაც რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა.