90 სახელმწიფო და ორგანიზაცია დარეგისტრირდა მშვიდობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. სამიტს შვეიცარია 15-16 ივნისს უმასპინძლებს- განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ. რუსეთი არ არის მიწვეული სამიტზე.
შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი იქნება საგზაო რუკის ერთობლივი განსაზღვრა და მომავალ სამშვიდობო პროცესში რუსეთისა და უკრაინის ჩართვა. რუსეთმა სამიტს დროის ფუჭად კარგვა უწოდა.
მოსკოვის გავლენიანი მოკავშირე ჩინეთი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. პეკინი უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე, რისთვისაც დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი კოლეგისგან სერგეი ლავროვისგან მადლობა მიიღო.
სამიტზე განიხილება ის საკითხები, რომლებიც საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს, როგორიცაა ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოების აუცილებლობა, ნაოსნობის თავისუფლება, ჰუმანიტარული საკითხები, როგორიცაა სამხედრო ტყვეები - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა.