პარლამენტი დაჩქარებული წესით მთავრობის ინიციატივას განიხილავს, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს დადგენილი წესების დარღვევის გამო დასანქცირდნენ.
ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ კანონებში შედის და ის პასუხისმგებლობისგან იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ათავისუფლებს, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან.