რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ეს დაუშვებელია, ეს არის ზუსტად არაევროპული ქცევა - პაპუაშვილი

16 მაისი 2024, 13:59 390 ნახვა

საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა 30 წლიან ისტორიაში, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ. თან იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც არიან არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორები, არამედ, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირი ჩვენი დამოუკიდებლობის ბრძოლის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც საქმე ეხება მინისტრებს, ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფაა.

„თუკი მანამდე პოლიტიკოსებზე კიდევ რაიმე შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი არიან და ვერ კონტროლდებიან, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მინისტრები გამოდიან კანდიდატი ქვეყნის, მეგობარი ქვეყნის, ხალხის მიერ არჩეული მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე, ეს არის, რა თქმა უნდა, დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხისა და ეს არის, რა თქმა უნდა, ძირის გამოთხრა ან გარკვეული ჩრდილის მიყენება იმ მეგობრობისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს. განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებს, რომლებთანაც, კიდევ ერთხელ, ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები.

ამიტომ, ქართველი ხალხის მიმართ ეს ძალიან არასწორი საქციელი იყო, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ეს დაუშვებელია, რა თქმა უნდა. ეს არის ზუსტად არაევროპული ქცევა, როდესაც შენ ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და იმ ქვეყანაში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობ. ასეთ ევროპასთან ჩვენ, რა თქმა უნდა, თავს არ ვაიგივებთ და ხანდახან, საუბარი არის ხოლმე ევროპულ ღირებულებებზე, რომ შეიძლება რაღაც აცდენები იყოს. დიახ, ამ პუნქტში ჩვენ აცდენილი ვართ, ჩვენ ევროპას ასეთს არ ვხედავთ. ჩვენი ევროპული ღირებულება არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩავიდეთ მეგობრებთან და მათი ხელისუფლების წინააღმდეგ მიტინგები დავაორგანიზოთ და მასში მივიღოთ მონაწილეობა.

წარმოიდგინეთ თქვენ, რომ რომელიმე ჩვენი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან ჩასულიყო ვილნიუსში, ტალინში, ბერლინში ან სხვა დედაქალაქში და იქ საქართველოს სახელმწიფოსგან დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ ორგანიზებულ მიტინგში, ანტისამთავრობო მიტინგში მიეღო მონაწილეობა და იმ სიტყვით გამოსულიყო, რა სიტყვითაც გამოვიდნენ ევროპელი პოლიტიკოსები ამ ანტისამთავრობო მიტინგზე. ხომ წარმოგიდგენიათ მათი რეაქცია, ან რა იქნებოდა საბოლოო ჯამში მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ აცდენილი ვართ ერთმანეთის ღირებულებებს. ჩვენთვის ევროპული ღირებულება არ გულისხმობს პარტნიორთან ჩასვლას, როგორც სტუმარი და იქაური ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებს. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ევროპულ ღირებულებას თავის ფორმალურ გაგებაში რაც არის, ეს ეროვნულ ტრადიციებსაც ეწინააღმდეგება. სტუმარ-მასპინძლობა ქართველებს სხვანაირად გვესმის. ჩვენ როდესაც სტუმრად ვართ, იქ პატივს ვცემთ მასპინძელს და მასპინძელ ხალხს. როდესაც მასპინძელ ხალხს პატივს არ სცემ და გამოდიხარ რადიკალური ოპოზიციის ანტისამთავრობო მიტინგზე, ეს არის ქართველი ხალხის აშკარა და უხეში უპატივცემულობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი