მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს - შსს

01 მაისი 2024, 19:20 384 ნახვა

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს, – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს 

უწყება მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი კანონით დადგენილ ფორმებში გამოხატონ. 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღესაც იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა. ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას.

 

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება.

 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტის მონაწილეები, კვლავ, გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას. ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან განთავსდება პოლიციის კორდონები. აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან.

 

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს. კიდევ ერთხელ, აღვნიშნავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

 

ასევე, აღვნიშნავთ, რომ 30 აპრილს, აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი