საგადასახადო ცვლილებები იძლევა საშუალებას, მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და ვიყოთ მიმზიდველი ინვესტორებისთვის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი 2024, 16:23 400 ნახვა

კანონი იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, ასევე მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა ინვესტორებისთვის - ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა, ვფიქრობ, რომ წარმატებით ახორციელებს. წინა წლებში ჩვენ საგადასახადო ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ამა თუ იმ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო ყოფილიყო კიდევ უფრო მიმზიდველი. დღეს, ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ადეკვატური კანონია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ტენდენციებია- ნაკლებია ნდობა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნების მიმართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობებისა, რომ ჩვენ ამ პირობებში მოვიზიდოთ ახალი დამატებითი ინვესტიციები და კაპიტალი ქვეყანაში.

ერთი მხრივ, ჩვენ ვსვამთ ხოლმე კითხვას, როგორ გადავაქციოთ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად, როგორ იყოს საქართველო საფინანსო ცენტრი, ჰაბი და ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ მიზანთან, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში მეტი კაპიტალი და მეტი ინვესტიციები შემოვიდეს. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება მთავრობის გუნდში ახალი საგადასახადო შეღავათების ინიციატივები. რა თქმა უნდა, ამაზე ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს და მერე შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივებში გადაიზარდოს, რომელიც ეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს და ფართო მასებს. ასე რომ, ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, პირველ რიგში“,- განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი