სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხება - მდინარაძე

10 მარტი 2025, 10:29 141 ნახვა

მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

"მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია…

ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს, მათ შორის კი, ყველაზე უხეში და სიცრუეზე აგებული რიტორიკით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ახალისებენ რადიკალიზმს, ღიად უჭერენ მხარს ხელოვნურ პროტესტს და პირდაპირ ცდილობენ, მაქსიმალურად წაახალისონ რადიკალური პროცესები, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი აგენტურით შეცვლა და ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებაა.

თუმცა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. არ არსებობს ამ ქვეყნების არანაირი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან ცალკე მდგარი რომელიმე უწყება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ კარნახით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ „დიფ სთეითის“ პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჩვენ „დიფ სთეითის“ რებრენდინგის მომსწრენი ვართ – ამ გლობალური და სახიფათო ძალის სისტემური მოდერნიზების და ძველი, გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, შეფარული მეთოდებით ჩანაცვლების.

მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე. ე.წ. დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა, იგივე შვედეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და სხვა სუვერენიტეტწართმეულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს.

შესაბამისად, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც დახურეს USAID, NED და „დიფ სთეითის“ კონტროლქვეშ არსებული სხვა დონორი ორგანიზაციები, ეს ფუნქცია ასევე მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ე.წ. მთავრობებს გადაულოცეს. სწორედ ამიტომ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს.

საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები. საზოგადოება ასევე კარგად ხედავს და ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა უკრაინის ხელით პროქსი ომი აწარმოეს. საბოლოო ჯამში კი, შედეგად მიიღეს დასუსტებული ევროპა და განადგურებული უკრაინა.

მეორე მხრივ, უამრავი პრობლემა შეუქმნეს რუსეთსაც, რამაც ცხადია, მისი საგრძნობი დასუსტება გამოიწვია. და რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა წინასწარ დაწერილ და ამავე დროს ჩვენთვის დამღუპველ სცენარში მონაწილეობაზე, ბუნებრივია „დიფ სთეითი“ ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველოში „ურჩი“ ხელისუფლება შეცვალოს, მმართველობაში თავისი აგენტურა მოიყვანოს და თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო. ზუსტად ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუკეთეს. თანაც, ევროპაში გლობალურ ძალებს არათუ დასუსტების და განადგურების ეტყობა რაიმე, არამედ პირიქით, ის მოდერნიზაციას განიცდის და ახალი, შეფარული და აქამდე უცნობი მეთოდებით ცდილობს მიზნების მიღწევას.

პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს.

მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები, – ეს არის რეალური ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა…

ასევე, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში