მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში კომპანია Green Studio-გაიმარჯვა

22 აპრილი 2024, 16:08 390 ნახვა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია Green Studio-მ გაიმარჯვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტრონულ კონკურსში 18 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიის წევრებმა არჩევანი Green Studio-ზე შეაჩერა. დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წინადადების წარმოსადგენად 45 დღიანი ვადა მიეცათ.

"მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ კიდევ ერთი ახალი დიდი პროექტის განხორციელებას. მესტიის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ თანამედროვე ექსტერიერისა და ინტერიერის მქონე შენობის კონცეპტ დიზაინი წარმოგვიდგინა. რაც მიგვაჩნია, რომ სრულად შეესაბამება ადგილობრივ ლანდშაფტსა და მეტეოროლოგიურ პირობებს. ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში Green Studio წარმოგვიდგენს ტერმინალის არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო დოკუმენტაციას", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კონცეპტ დიზაინის მიხედვით, ახალი ტერმინალის ჭერში მოეწყობა ე.წ. სქაილაითები, რომელიც დარბაზის ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.

კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ კონკურსანტებს პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. ამასთანავე, გამოცდილების ნაწილში მთავარი მოთხოვნა იყო პრეტენდენტს მომზადებული ჰქონოდა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი