ყველას შესახებ ვიცით უფრო მეტი, ვიდრე არასამთავრობოებზე, ეს სექტორი არის ყველაზე არაგამჭვირვალე - პაპუაშვილი

22 აპრილი 2024, 13:54 385 ნახვა

ადამიანი თუ გათვითცნობიერებულია ქართული კანონის იდეაში, შეუძლებელია, აპროტესტებდე, რომ გქონდეს მეტი ინფორმაცია, საბედნიეროდ, ოპოზიციამ, შარშანდელთან შედარებით, ვერ შეძლო ჩვენი საზოგადოების იმხელა ნაწილის შეცდომაში შეყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად იხარჯება უცხოური ფული.

„დღესაც ვხედავთ გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ. ეს არის ყველაზე მარტივი საკითხი, რაც მოქალაქისთვის შეიძლება, არსებობდეს – ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვინდა თუ არა ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში და ასეთები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ გვინდა, ვიცოდეთ ნაკლები.

 

ჩვენ გვინდა და გვაქვს უფლება, ვიცოდეთ უფრო მეტი, ისევე როგორც მეტი ვიცით საჯარო მოხელეების შესახებ, საჯარო დაწესებულებებზე, მოსამართლეებზე. ყველას შესახებ ვიცით უფრო მეტი, ვიდრე არასამთავრობო სექტორზე. დღეს არასამთავროვო სექტორი არის ყველაზე არაგამჭვირვალე ამ ქვეყანაში, რომელიც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია იყურება გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ. ამის გამო ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს.

„როგორც ჩანს, მათ საკუთარი მფარველების ერიდებათ, რომლებიც გარეთ ეგულებათ. ამიტომ ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი იცქირებიან, იყურებიან თავისი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ. რა თქმა უნდა, ამის გამო ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა 29 აპრილს დაგგემილ აქციასთან დაკავშირებითაც. 

"ჩვენი მხარდამჭერების და მოქალაქეების მხრიდან იყო დამოკიდებულება, რომ შეუძლებელია, როცა ვხედავთ, ოპოზიციის ნაწილი როგორ ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეები, ითამაშოს მათ ემოციებზე, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ითხოვს მეტ ინფორმაციას, ამიტომ დაიგეგმა აქცია...

ამიტომ გადაწყდა, რომ გაიმართოს აქცია, სადაც ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ და დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება. როცა ვსაუბრობთ მოსახლეობის უმრავლესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ, 29 აპრილს ყველა ვიწვევთ, მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავისი პოზიცია ამ საკითხზე და ზოგადად, იმ საკითხებზე, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი