საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგანს - გომელაური

19 აპრილი 2024, 12:53 381 ნახვა

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში. მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგანს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა ხუთი პოლიციელი, აქედან ორი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მინისტრის თქმით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, 40 პირი დააკავეს.

"მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ვნახეთ, სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებულები სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და 16 აპრილს, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში.

მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგანს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს.

ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დაკავდა 40 პირი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ.

„პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, აქციის მესამე დღეს ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი