ე.წ. დაბარებები მხოლოდ საპატრულო პოლიციის უფროსით არ დასრულებულა. დეპუტატების ნაწილს კითხვები ჰქონდათ საავტორო ფილმების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ხელმძღვანელებთან. იყო თუ არა სხდომაზე დაბარებული ფესტივალის დამფუძნებლებიდან რომელიმე? ამ საკითხმა სხდომაზე ერთგვარი უხერხულობა გამოიწვია. როგორც ჩანს მერიასა და საკრებულოს შორის კოორდინაციის პრობლემა შეიქმნა, რადგან ზვიად ელიზიანმა დეპუტატების სურვილის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო. წლებია ქალაქის მერია კინოფესტივალს სხვადასხვა ოდენობის თანხით აფინანსებს, წელს კი ეს თანხა 200 ათასი ლარია. რატომ გაუჩნდა კითხვები ლევან კინწურაშვილს ახლა და რატომ ფიქრობს გიორგი კირთაძე, რომ საკრებულოს ელიზიანის “დასჯა” სურს?