სამი ევროპარამენტარის ერთობლივი განცხადება. დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან შემოტანით შეშფოთებულები არიან. მიაჩნიათ, რომ იგი დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმაა, და რომ ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. ევროპელი კანონმდებლები აცხადებენ რომ იგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს არ უღალატონ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლონ.
,,კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებით შეშფოთებულები ვართ. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იქნას დაცული, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს“- ნათქვამია განცხადებაში.