ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც რუსეთი დე ფაქტო დიქტატურად აღიარა და რუსეთის მცირე ერების დეკოლონიზაციის მოწოდებით გამოვიდა

18 აპრილი 2024, 15:44 176 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც რუსეთი დე ფაქტო დიქტატურად აღიარა და რუსეთის მცირე ერების დეკოლონიზაციის მოწოდებით გამოვიდა.

დოკუმენტში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილში დამნაშავედ ვლადიმერ პუტინია აღიარებული. ამასთან, ასამბლეის წევრები რუსეთის პრეზიდენტს აკისრებენ პასუხისმგებლობას ქვეყნაში პერსონალური დიქტატურის დამყარებაში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პუტინის რეჟიმის მიზანი დემოკრატიის წინააღმდეგ ომის წარმოება და ევროპული და გლობალური წესრიგის გადახედვაა. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენებია 2008 წელს რუსეთის შემოჭრა საქართველოში.

"დნესტრისპირეთის ოკუპაცია, 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, ტერიტორიების უკანონო ანექსია და ოკუპაცია, გამოხატვის თავისუფლების განადგურება რუსეთის შიგნით, დეზინფორმაციული ომი მსოფლიოში, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მკვლელობა რუსეთის შიგნით, საზღვრებს გარეთაც და ისეთი საკანონდებლო სისტემის დამკვიდრება, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების კრიმინალიზაციას ახდენს - ეს ყველაფერი წარმოადგენს პუტინის რეჟიმის დამახასიათებელ ნიშნებს“,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 17 აპრილს დაამტკიცა.

ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ სცემს პატივს მეზობელი ქვეყნების დემოკრატიულ არჩევანს და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ამავე რეზოლუციაში უარს ამბობენ, აღიარონ მარტში რუსეთში გამართული არჩევნების შედეგები და რუსეთი მოხსენიებულია „მხოლოდ ფორმალურ ფედერაციად“. ამას გარდა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მკვიდრი ერების ძალდატანებითი რუსიფიკაცია და ასიმილაცია ხდება.

ცნობისთვის, რუსეთი 2022 წლის მარტში გარიცხეს ევროსაბჭოდან.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში