ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება - პაველ ჰერჩინსკი

17 აპრილი 2024, 15:43 428 ნახვა

ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის დიპლომატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როგორც თქვენ ყველამ აღნიშნეთ, კანონპროექტის თავიდან შემოტანაზე ევროკავშირმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა. 24 საათის განმავლობაში, 4 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა. გუშინ საღამოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და ვფიქრობ მისი პოზიცია ხმამაღალი და ნათელია. ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, ეს გართულებას გამოიწვევს, რადგან ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს აშკარად არ შეესაბამება.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ყველა ელჩი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიგვიწვია, სადაც პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება გაგვიზიარა“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

მისივე შეფასებით, საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ მათ ქვეყანაში.

ელჩის განცხადებით, ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია. 

„გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნებისმიერი მხრიდან რაიმე საბაბით ძალადობა მიუღებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი