,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნეს - პროკურატურა

12 აპრილი 2024, 10:19 420 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასებდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას.

"პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა, ხოლო შვიდ პირს 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა).

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით, ხოლო 2 პირს  8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთაგან 2 პირს  4  წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 პირს  3 წლით და 6 თვით, ხოლო  3 პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი