შარშან კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერმა მოგცეს გზამკვლევი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, ეს გზამკვლევი შედგება ცხრა ნაბიჯისგან. ისინი ძალიან მკაფიოა, – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის აქტიური კომუნიკაცია არსებობს.
„გასულ წელს, დეკემბრის შუა რიცხვებში იყო ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე, ვიდექი სცენაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად და ვზეიმობდით ისტორიულ მომენტს საქართველოსთვის, ფორმალურად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერმა მოგცეს გზამკვლევი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ეს გზამკვლევი შედგება ცხრა ნაბიჯისგან. ისინი ძალიან მკაფიოა. თუ შეხედავთ ამ ცხრა ნაბიჯს, ის მხოლოდ ერთგვერდიანია. ყველა პუნქტი თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს იყო სადღაც ხუთი თვის წინ, მუშაობა მიმდინარეობს, მუდმივ კონტაქტზე ვართ საქართველოს მთავრობასთან. არის ვიზიტები, საქართველოს დელეგაციები დადიან ბრიუსელში, ბრიუსელიდან ჩამოდიან საქართველოში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის 27 ელჩი გვსტუმრობს და სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ელჩმა.
ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა ნაბიჯი, რომ ევროკავშირისკენ გზაზე წინ წავიდეს.
„ევროკომისია გაფართოების შესახებ მოხსენებას, რეკომენდაციებთან ერთად გამოაქვეყნებს ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და რამდენად გადამწყვეტად შესრულდება ცხრა ნაბიჯი საქართველოში. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება დაჩქარება და ძალიან დიდი პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯთან მიმართებაში, ისე, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციების გაცემა და ამ წლის დეკემბერში წევრმა სახელმწიფოებმა შეძლონ დათანხმება, გაიხსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საქართველოსთან. ჩვენ ყველას შეგვეძლება, ვიზეიმოთ ამ წლის დეკემბერშიც ისე, როგორც ეს გავაკეთეთ გასული წლის დეკემბერში“, – განაცხადა ელჩმა.