ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ.
ხუციშვილის თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო.
“ჯამში 145 ათასი პირია, რომელთა ჯამური საგადასახადო დავალიანება არის 590 მილიონ ლარი. აღნიშნული თანხა აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ფარგლებში ჩამოიწერება.
გამომდინარე იქედან, რომ საგადასახადო ორგანოს აღსრულების ღონისძიებები ჰქონდა მიღებული, გადასახადო დავალიანების მქონე ფიზიკურ პირებს ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ შეზღუდული.
მას შემდეგ, რაც პროექტს პარლამენტი დაამტკიცებს და მოხდება ჩამოწერა, მათ ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სრული შესაძლებლობა ექნებათ.
ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია, ეკონომიკის ზრდის ტემპი გრძელდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასული ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს შეადგენს, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდაა. 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა უშუალოდ თებერვლის თვეში, რაც სასიხარულოა.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი იყო და აღნიშნული ზრდის ტემპი მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება.
„საგადასახადო ხანდაზმულობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც იქნა შერჩეული 2021 წლის პერიოდი. როდესაც ვსაუბრობთ საგადასახადო ამნისტიაზე, ბუნებრივია, გარკვეულწილად ამნისტია არის საყოველთაო მოვლენა და არც დიფერენცირება არ ხდება, შერჩევა არ ხდება გადასახადების გადამხდელების. საგადასახადო ამნისტია ხორციელდება საგადასახადო ხანდაზმულობის ფარგლებს გარეთ და ამ მიმართულებით საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდა, საგადასახადო ხანდაზმულობის ფარგლებში გაეტარებინა ყველა ღონისძიება, რისი გატარებაც შესაძლებელი იყო, რათა ამოეღო აღნიშნული გადასახადი, განეხორციელებინა აღნიშნული გადასახადის მობილიზება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბუნებრივია, მინიმუმამდე არის დაყვანილი ის მომენტი, რომ ამით შეიძლება დაიჩაგროს კეთილსინდისიერი გადამხდელი“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.