იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინ, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს ქვეყანაში დანაშაულის ზრდის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
რატი ბრეგაძის თქმით, 2012 წლამდე მხოლოდ ციხეებში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულები იმდენი იყო, რომ მას თანამედროვე ვითარებაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა ვერ გადაფარავს.
„ალბათ ყველას ახსოვს „ნაცმოძრაობის“ დროს მათი სლოგანი – ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში. „ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრების სტატისტიკა 30 000-მდე იყო და ჩვენს პირობებში, ეს რიცხვი სამჯერაა შემცირებული. კარგად გემახსოვრებათ ყველას, პირველ რიგში, მოსახლეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა ტიპის დანაშაულები ხდებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. მარტო ეს რომ აღერიცხათ, თუნდაც ციხეში მათი თანამშრომლების დანაშაულები რომ აღერიცხათ სათანადოდ, დარწმუნებული იყავით, ვერასოდეს დავეწევით თანამედროვე პირობებში დანაშაულის სტატისტიკას. შესაბამისად, სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ციხეში შესაძლო გადაყვანაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ უწყება ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედებს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა გაცილებით მცირე იყო.