ისლანდიაში ვულკანი, დეკემბრის შემდეგ, მეოთხედ ამოიფრქვა. პოლიციამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვულკანი დედაქალაქიდან სამხრეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
ხელისუფლებამ, მოსახლეობა მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ, რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
დასახლებიდან ადგილობრივი მცხოვრებლები ვულკანის წინა გააქტიურების დროსაც გაიყვანეს. იანვარში გრინდავიკში ლავამ რამდენიმე სახლი მთლიანად გაანადგურა.
კვლავ დაიხურა ისლანდიაში ცნობილი თერმული სპა „ცისფერი ლაგუნა“, რომელი ვულკანის მახლობლად მდებარეობს.
ისლანდიაში 30-ზე მეტი აქტიური ვულკანია. .