პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15 მარტი 2024, 15:42 450 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის დარტყმით ჭრილობა მიაყენა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. იმავე დღეს, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა უკანონოდ შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 130.6 გრამი გამომშრალი მარიხუანა და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება), 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა), 273-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი