როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დეპუტატი რესან კონცელიძე განცხადებას ავრცელებს.
კონცელიძე, რომელიც აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, აღნიშნულ საქმესთან თავის შემხებლობას განმარტავს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, მოკლედ გაგაცნოთ როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები და ჩემი შემხებლობა ამ საქმესთან. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. აღნიშნულ პერიოდში მე მეკავა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. 2008 წლის 16 აგვისტოს, საღამოს პოლიციის სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება სოფელ ქაქუთში შავაძის მკვლელობის შესახებ. შეტყობინებაში არ იყო მითითებული, ვინ იყო მოკლული (სტატუსი), ვის მიერ და რა ვითარებაში. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიწყო გამოძიება და შემთხვევის ადგილზე გავიდნენ გამომძიებლები, რომლებმაც პროკურორის თანდასწრებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დააფიქსირეს ის ვითარება, რომელიც ადგილზე დახვდათ, რადგან სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ. მიცვალებულს ჩაუტარეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა, კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მეორე დღეს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რადგან საქმეში გამოიკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მას შემდეგ აღნიშნულ საქმესთან წვდომა ან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა, თუ არ ჩავთვლით, ბრალდებულების დაკავების შემდეგ პროკურატურიდან შეტყობინებას, რომ, სურვილის შემთხვევაში, გამოვიკითხებოდი საქმეზე მოწმედ (რადგან გამოძიებაში გამოკითხვა ნებაყოფილობითია), რაზეც დავთანხმდი და მივეცი დეტალური ჩვენება. ისევე როგორც ყველა მძიმე დანაშაულზე, ამ შემთხვევაზეც გავიდა პოლიციის ყველა ხელმძღვანელი, მათ შორის, გავედი მეც. ბათუმიდან სანამ ჩავედი გურიის საზღვართან, გავიდა გარკვეული დრო, ქაქუთში ჩემი ჩასვლის მომენტისთვის გამომძიებელი და პროკურორი ათვალიერებდნენ შემთხვევის ადგილს.
გამომდინარე იქიდან, რომ დადგენილი იყო, თუ ვინ მოახდინა გასროლები, ამიტომ არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების საჭიროება და საქმის დეტალები უნდა დადგენილიყო ექსპერტიზებითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებით. ასევე, რადგან საქმე არ იყო პოლიციის ქვემდებარე და ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრება, მალევე დავბრუნდი ბათუმში. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიციის ხელმძღვანელი არ იყო პროცესუალური ფიგურა, შესაბამისად, არ მქონდა უფლება, ჩავრეულიყავი გამოძიებაში, დავსწრებოდი საგამოძიებო მოქმედებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, დაკითხვებსა და სხვა, ან გამომძიებლისთვის, მის წარმოებაში არსებულ საქმეზე, მიმეცა დავალება, მითითება ან განმარტება. არც ჩავრეულვარ, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ჩვენებებით, სხვა საგამოძიებო და სასამართლო მასალებით.
საპროცესო კანონმდებლობით, გამოძიების სტადიაზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს პროკურორი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომძიებელი ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ან არჩატარების, დაკითხვების შესახებ იღებს დამოუკიდებლად, რასაც ათანხმებს პროკურორთან ან იღებს მისგან მითითებებს. ასევე, საქმის გამოძიების ქვემდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. ზემოთ აღნიშნულის შესახებ უფრო ვრცლად და კანონმდებლობის კონკრეტულ მუხლებზე მითითებით მე მივეცი ჩვენება გამოძიებას. მზად ვიყავი, იგივე ჩვენება მიმეცა სასამართლოსთვისაც, რისთვისაც გამოვცხადდი სასამართლოს დარბაზში, დავჯექი დარბაზში მოწმის სკამზე, მაგრამ ბრალდებულების ადვოკატებმა, თვითონ ბრალდებულებმა, პროკურორმა, პროცესის ყველა მონაწილეებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ არ მომხდარიყო ჩემი დაკითხვა, რაც დაასაბუთეს იმით, რომ საქმე რამდენიმე საათით იყო პოლიციაში, მოწმე არ არის საქმესთან შემხებლობაში და მასთან არანაირი კითხვები არ გვაქვსო, რომ ჩემი დაკითხვა იქნებოდა დროის უქმად გაყვანა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რის გამოც არ მოხდა ჩემი დაკითხვა. ეს ყველაფერი არის გადამოწმებადი და ასახულია სასამართლო სხდომის ოქმში, რაც ალბათ ჩაიწერება განაჩენშიც. აღნიშნული მიდგომითა და ლოგიკით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ყველა ხელმძღვანელი (იერარქიით ყველა ზემდგომი, ითვლება, რომ მისი ხელმძღვანელობაა), ვინც არ არის პროცესუალური პირი, მაგრამ ევალება გამომძიებლების მატერიალურ- ტექნიკური, საკადრო თუ სხვა, მათი გამართული მუშაობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა, ყველა საქმეზე, ბრალდებულის ან ბრალდების მხარის მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება დაბარებულ იყოს სასამართლოში მოწმედ. განაჩენის დადგომამდე მე არ გამიცია პასუხი ოპოზიციური ტელევიზიების ცილისწამებისა და ჩემი რეპუტაციის შეგნებულად დამაზიანებელი (შემლახველი) პირებისათვის, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია ჩემი სახელი. არ გამიცია პასუხი ბრალდებებისათვის, თითქოს მე ვაწარმოებდი გამოძიებას და ვიყავი საქმის გამომძიებელი, თითქოს მოვახდინე შემთხვევის ადგილის ფალსიფიცირება და 15 წლის განმავლობაში ვმფარველობდი დამნაშავეებს, თითქოს არ ვაძლევდი გამოძიებას ჩვენებას და არ ვისურვე სასამართლოზე ჩემი დაკითხვა. ამ და სხვა მრავალი სიცრუისათვის პასუხი არ გამიცია, რათა არ მომხდარიყო გამოძიების ინტერესების დაზიანება (თუ არ ჩავთვლით, 2020 წელს არჩევნების წინ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ მოკლე ინფორმაციას, სადაც, ზოგადად, ავხსენი ამ საქმეში ჩემი როლი)“, - აღნიშნულია განცხადებაში.