საქართველოს ახლო მომავალში ვეწვევი, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა - იენს სტოლტენბერგი 

14 მარტი 2024, 17:12 462 ნახვა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.

„საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა – და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ნატო-ს მუშაობასა და მიღწევებზე 2023 წლის განმავლობაში. ანგარიშში საუბარია საქართველოზეც.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნატო-ს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი არის ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი. 2014 წელს უელსის სამიტზე მისი დამტკიცებიდან, ის გახდა შესაძლებლობის გაძლიერებისკენ მიმართული ნატო-ს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი