თბილისის შემდეგ საპროტესტო აქცია ბათუმში მომუშავე ტაქსის მძღოლებმაც გამართეს. როგორც "მაქსიმის", "იანდექსის", "ბოლტისა" და სხვა აპლიკაციებით დასაქმებული მძღოლები ამბობენ, არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები. არ კონტროლდება ვინ და რა პირობებში მართავს ავტომობილს. არ არიან კმაყოფილი საკომისიო გადასახადის ოდენობით.
მათივე განცხადებით, დასაქმებულები ვერ უკავშირდებიან კომპანიის წარმომადგენლებს და შესაბამისად ვერ ესაუბრებიან პრეტენზიებზე. საპროტესტო აქციას ბათუმში პროფესიული კავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 10 000 -ზე მეტი ადამიანი აჭარაში, ქვეყნის მასშტაბით კი 100 000 -მდე მძღოლი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს. მათზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსი, რაც კანონდარღვევაა. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლები ძირითადად უცხოური კომპანიები არიან, რომელთა მიკვლევაც, როგორც ამას პროფკავშირებში ამბობენ, ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ.
აღნიშნული მოთხოვნებით, ტაქსის მძღოლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.