აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

04 მარტი 2024, 11:12 488 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ოლადაურში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი.

"სოფელ ოლადაურში, სამართალდამრღვევს, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 13 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტია. რეგისტრაციის გარეშე უკანონო სახერხი დანადგარის მონტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ვინაიდან დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აჭარაში გამოვლენილი სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებში გადაიგზავნა. გარემოს დაცვის მიზნით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას და დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში