2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 54.3 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 32.4 ათასი, ხოლო, კერძო უნივერსიტეტებში – 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 8.4%-ით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით, 10.2%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1% სწავლობს, ხოლო, კერძოში – 40.9%.
2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1%-ით მეტია.
უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5%-ით მეტია წინა წლის, ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.2 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა. აქედან, 19 სახელმწიფო და 43 კერძო.