15 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

29 თებერვალი 2024, 15:02 347 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ ხელთ არსებულ ი დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის წარმომავლობის წყაროს დაფარვის და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხები საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში, მათივე სახელზე გახსნილ ანგარიშებზე განათავსეს. აღნიშნულის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე მობილიზებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილი საზღვარგარეთ პირად საბანკო და მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე გადარიცხეს, ხოლო თანხის ნაწილით შეიძინეს კრიპტოვალუტა და საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.

"აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა დაახლოებით, 15 000 000 აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა განახორციელეს.

გამოძიების დაწყებისთანავე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საბანკო ანგარიშებზე დარჩენილ თანხებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

აღნიშნულ პირებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურა, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში