ნებისმიერი ჩარევა არჩევნებში არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესის წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდის ეს ჩარევა - პაპუაშვილი

28 თებერვალი 2024, 14:19 401 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობები ჩემი კერძო ინტერესის საგანი არ არის, მას პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესებს ვერ დააზიანებს, რადგან უკვე ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს.

„რაც შეეხება არჩევნებში ჩარევის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს რისკები არის. ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში რთულ დროს და სხვადასხვა მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესებია. სხვათა შორის, ამაზე სუს-ის ხელმძღვანელმა საპარლამენტო გამოსვლისას, დახურულ ფორმატში ისაუბრა და ოპოზიცია წარმოდგენილი არ იყო, თუმცა ვინც წარმოდგენილი იყო, კიდეც მოისმინეს – რა საფრთხეები, რა მცდელობები, რა ფაქტები აღიკვეთა. ქართულ პოლიტიკაში ეს ჩარევები არის. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, თუმცა არა მხოლოდ რუსეთი. პრობლემაა მაშინ, როცა ასეთი განცხადებებით ვითარების ისე წარმოჩენას ცდილობენ, რომ ჩარევის ერთადერთი წყარო რუსეთია და ამით ადუნებენ ჩვენს ყურადღებას სხვა მიმართულებით.

 

ჩემთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დიდ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ ვატყობთ, რომ რუსეთის ჩარევის პრობლემაზე ხაზგასმაა და ამას ვის ეუბნებიან, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ბრძოლაშია? რაიმე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს? – მგონი, ამ მხრივ რაიმე ახალის აღმოჩენა არ არის. ნებისმიერი ჩარევა არჩევნებში არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესის წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდის ეს ჩარევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის დროს ნინო ლომჯარია პოლიტიკურად მიკერძოებული პირი იყო.

პაპუაშვილის თქმით, მათ შორის სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ლომჯარია სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილ დასკვნებს დებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი