სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებენ ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წესი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება).
კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები:
● რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS);
● რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე.
"ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.
კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.
კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს, ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე - 1501.
კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად. NAITS-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა"- განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.