2-3 ათას სტუდენტს სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების 4 -თვიან პროგრამას შევთავაზებთ - გიორგი ამილახვარი

26 თებერვალი 2024, 14:56 570 ნახვა

2-3 ათას სტუდენტს სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების 4-თვიან პროგრამას შევთავაზებთ და ბუნებრივია, ეს იქნება მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისი, ვინაიდან შემდეგ გვექნება უფრო ფართო ინიციატივები ჩვენი ახალგაზრდებისთვის,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სტაჟირების პროგრამა შეეხებათ კურსდამთავრებულებს და ამ პროგრამისთვის ახალგაზრდები შეირჩევიან გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა ჩვენს უწყებას დაგვავალა ამ საკითხის კოორდინაცია, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ახალგაზრდობის სააგენტო ამ წლის პირველი იანვრიდან უკვე გადმოსულია ჩვენს უწყებაში. შესაბამისად აქტიურად ვიწყებთ სხვადასხვა სერვისებზე, მათ შორის, სტაჟირება-დასაქმებაზე მუშაობას, ვინაიდან ეს არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ ახალგაზრდებს სწავლის პერიოდის დასრულების შემდეგ, შევთავაზოთ მათთვის სწორი კარიერული გაგრძელების პირობები. ეს წელსვე განხორციელდება.

იცით, რომ კანონის მოთხოვნაა, რომ უნდა იყვნენ კურსდამთავრებულები, შესაბამისად, მათთვის, ვინც წელს ამთავრებს უნივერსიტეტს, ზაფხულშივე დაიწყება შესაბამისი კონკურსები, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ისინი განაწილებულები იქნებიან სტაჟირებაზე. ეს ეხება ყველა სამინისტროს, მათ შორის, ყველა სამინისტროსთან არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებებს, თუ სსიპ-ებს, ასევე, ყველა რაიონის მუნიციპალიტეტს. ჩვენ უახლოეს პერიოდში ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შევკრებთ იმ შესაძლებლობებს და ადგილებს, პროფესიების და მიმართულებების მიხედვით, რისი დასაქმების შესაძლებლობაც არის და ვფიქრობთ, რომ ეს, დაახლოებით, 2-3 ათასის ფარგლებში იმერყევებს და შესაბამისად, ძალიან ნათელი, ინკლუზიური ინდიკატორებით, ობიექტურად გაიმართება ეს კონკურსი, რომ რაც შეიძლება ფართო შესაძლებლობებით და მეტი სტუდენტის მობილიზება შევძლოთ. მოთხოვნა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, თუმცა ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და საზოგადოებას, რომ ეს იქნება უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამჭვირვალედ ჩატარებული კონკურსით, ვინაიდან აქ ჩვენთვის მთავარია, შევარჩიოთ იმ ცოდნის და უნარების სტუდენტები, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ წახალისება და შემდგომ კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობა",- განაცხადა ამილახვარმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი