გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

15 თებერვალი 2024, 11:33 528 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, მიმდინარე წლის თებერვალში, 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

"სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, სამართალდამრღვევმა, დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი) მიიღო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს 16 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.

შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა"-განმარტავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი