ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად შსს-ს თანამშრომელი დაიღუპა

06 თებერვალი 2024, 13:59 632 ნახვა

აჭარის რეგიონში სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის სტიქიის დროს საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.

ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში