განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში უწყება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს.
ზურაბ აზარაშვილმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისის განვითარებას. მისივე თქმით, სამინისტრომ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც უცხოეთის წამყვან კლინიკებში ონკოლოგიის მიმართულებით ახალგაზრდა ექიმების გადამზადებას გულისხმობს.
"უნდა აღინიშნოს 2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ ექვს კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში ფარმაცევტულ სფეროში უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა.
"2022 წლის დასაწყისში, თურქეთიდან პროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესდა რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად მათი რეალიზაცია აეკრძალათ ფარმაცევტულ კომპანიებს. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად ანტიბიოტიკების ჯგუფზე ფასის 41%-იანი კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
ზურაბ აზარაშვილმა მინისტრობის ორწლიანი საქმიანობაც შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
"გასული ორი წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, არსებობის 11 წლის განმავლობაში, მოსახლეობის 95%-ისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. ამოქმედდა DRG დაფინანსების მოდელი, რამაც პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად შეამცირა.
„ჰოსპიტალური სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმების დანერგვამ, გარდა იმისა, რომ გაზარდა სისტემის გამჭვირვალობა და გაამარტივა პროგრამის ადმინისტრირება, შექმნა პაციენტებისთვის ფინანსური დაცულობის მდგრადი პირობები. DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 10%-მდე შემცირდა. DRG მოდელის გაფართოების შედეგად, 2023 წლის ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება. მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და 1 222 ლარით განისაზღვრა. დაფინანსება მოიცავს ექიმის აყვანის, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. რეფორმის შედეგად პაციენტს თანხის გადახდა არ უწევს და ასევე საჭიროებისას, სახელმწიფო, სრულად უზრუნველყოფს ახალშობილის რეანიმაციული სერვისის დაფინანსებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.